AusOpen 2018 - ჰალეპმა და კერბერმა ნახევარფინალში იოლად გააღწიეს
AusOpen 2018 - ჰალეპმა და კერბერმა ნახევარფინალში იოლად გააღწიეს

ავსტრალიის ღია პირველობაზე დასრულდა მეოთხედფინალური ეტაპი. ქალების ტურნირზე ბოლო ორი საგზური ნახევარფინალში ძალიან იოლად მოიპოვეს გერმანელმა ანჟელიკ კერბერმა და მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, რუმინელმა სიმონა ჰალეპმა.

კერბერმა 52 წუთში გაანადგურა ამერიკელი მედისონ კისი, რომელსაც, მანამდე, ოთხი მატჩი ისე ჰქონდა მოგებული, რომ არც ერთი სეტი არ დაუთმო მეტოქეებს. გერმანელმა პირველ სეტში 4:0 დაწინაურება მოახერხა და შეინარჩუნა დიდი უპირატესობა, მეორეში კი 3:0 წინ გასვლის შემდეგ, მეტოქეს საპასუხო ბრეიკის აღების საშუალება მისცა, თუმცა, 3:2-ის შემდეგ, ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო – 6:1, 6:2. ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 7:1 გახდა კერბერის სასარგებლოდ.

სიმონა ჰალეპს საათი და 13 წუთი დასჭირდა კაროლინა პლიშკოვას დასამარცხებლად – 6:3, 6:2. რუმინელმა მხოლოდ პირველი სეტი სტარტი ჩააგდო, როცა 0:3 ჩამორჩა, მაგრამ შემდეგ, ზედიზედ 9 გეიმი მოიგო, 6:3, 3:0 დაწინაურდა და შანსი ხელიდან აღარ გაუშვა.

მაშ ასე, ქალთა ტურნირზე ასეთი ნახევარფინალური წყვილები შედგა:
კაროლინ ვოზნიაცკი (დანია, 2) – ელიზ მერტენსი (ბელგია)
სიმონა ჰალეპი (რუმინეთი, 1) – ანჟელიკ კერბერი (გერმანია, 21)

წლევანდელი შედეგების მიხედვით, ოთხივე იმსახურებდა საუკეთესო ოთხეულში გასვლას: ჰალეპს, კერბერსა და მერტენსს 2018 წელს 10 მოგება და 0 წაგება აქვთ. ამ სამმა წელს თითო ტურნირი მოიგო, ვოზნიაცკის კი 9 მოგება და ერთი მარცხი აქვს და ის ერთი ტურნირის ფინალში თამაშობდა.