ავსტრალიის ღია პირველობაზე მორიგი სათამაშო დღე დასრულდა და გაირკვა 1/16 ფინალის ყველა მონაწილე.
დღის ბოლო მატჩში ტურნირის მოქმედი ჩემპიონი, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს ხვდებოდა და საათსა და 58 წუთში მოიგო – 6:4, 6:4, 7:6(4). პირველი ორი სეტი ერთნაირი სცენარით ვითარდებოდა – ფედერერმა თითო ბრეიკი შეასრულა და პარტიების მოსაგებდაც ერთნაირი დრო დასჭირდა – 33 წუთი. ლეგენდას ოდნავ გაუჭირდა მესამე სეტში, როცა შტრუფმა მატჩში პირველი ბრეიკი შეასრულა და 3:1 დაწინაურდა. თუმცა, ფედერერმა იქვე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება და შემდეგ, ტაი-ბრეიკზე მოამთავრა საქმე.
36 წლის ფედერერი ზედიზედ მეცხრამეტედ გავიდა ავსტრალიის ღიას 1/16 ფინალში, რაც ახალი რეკორდია. ამ ეტაპზე როჯერი რიშარ გასკეს შეხვდება.
კატასტროფული თამაში აჩვენა მეორე შვეიცარიელმა ვარსკვლავმა სტენ ვავრინკამ. ის საათსა და 29 წუთში განადგურდა ამერიკელ ჩოგბურთელთან, რომელსაც ტენისი ჰქვია, გვარად კი სანდგრენია. მსოფლიოს 97-ე ჩოგანმა ვავრინკასთვის მხოლოდ შვიდი გეიმი გაიმეტა – 6:2, 6:1, 6:4.
შვეიცარიელის ასეთი თამაშის გამართლება იმით შეიძლება, რომ მან ნახევარ წელიწადზე მეტი გააცდინა და ცუდი სათამაშო ფორმის გამო, არ აპირებდა ავსტრალიაში თამაშს.