AusOpen 2018 - ავსტრალიის ღიას ფინალში ჰალეპი და ვოზნიაცკი ითამაშებენ
AusOpen 2018 - ავსტრალიის ღიას ფინალში ჰალეპი და ვოზნიაცკი ითამაშებენ

ავსტრალიის ღია პირველობაზე ნახევარფინალების დღე იყო. ქალთა ტურნირზე ორივე ფინალისტი გამოვლინდა.

პირველები კორტზე დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი და ტურნირის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია, ბელგიელი ელიზ მერტენსი გავიდნენ. მერტენსისთვის ეს სადებიუტო გამოსვლა იყო ავსტრალიაში და პირველივე ჯერზე ნახევარფინალამდე გააღწია. მათი ურთიერთშეხვედრები მხოლოდ ერთ მატჩს მოიცავდა – 2017 წელს, ბაშტადში დანიელმა სამ სეტში მოიგო.

ნახევარფინალში ორივე ჩოგბურთელი კარგად გამოიყურებოდა საკუთარ მოწოდებაზე, განსაკუთრებით ვოზნიაცკი, რომელმაც პირველი მოწოდებით ქულებით 84 პროცენტი მოიგო. შედეგად, მერტენსს მატჩში მხოლოდ ოთხი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და აქედან ერთი გამოიყენა. დანიელმა ხუთი ასეთი შანსი მიიღო და ორი გამოიყენა.
ერთადერთი ბრეიკის წყალობით, ვოზნიაცკიმ პირველი სეტი მოიგო, მეორეშიც იგებდა ბრეიკით, მაგრამ, 5:4-ზე, როცა მატჩზე აწვდიდა, ერთადერთი ბრეიკი ააღებინა მეტოქეს. კაროლინს კიდევ ერთხელ შეეძლო არ მიეყვანა საქმე ტაი-ბრეიკამდე, მაგრამ მე-12 გეიმში ორი სეტბოლი ვერ გამოიყენა. თუმცა, ტაი-ბრეიკი თავიდანვე კარგად წარიმართა ვოზნიაცკისთვის – 3:0 დაწინაურდა და აღარ გასჭირვებია ამ უპირატესობის შენარჩუნება – 6:3, 7:6(2).
გაცილებით დაძაბული და საინტერესო გამოვიდა მეორე ნახევარფინალი მსოფლიოს პირველ ჩოგანს სიმონა ჰალეპსა და ანჟელიკ კერბერს შორის. ორივე ჩოგბურთელი შესანიშნავ ფორმას აჩვენებდა – ნახევარფინალამდე მათ მხოლოდ თითო სეტი წააგეს. რაც შეეხება ამ ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრების ისტორიას, კერბერი წინ იყო – 4:3. სხვათა შორის, არც კერბერსა და არც ჰალეპს მატჩი არ ჰქონდათ წაგებული 2018 წლის სეზონში – გერმანელს 14-0 ჰქონდა ბალანსი, რუმინელს – 10-0.

ჰალეპი ძალიან კარგად შევიდა მატჩში და უკვე დაახლოებით 15 წუთში 5:0 იყო დაწინაურებული. მხოლოდ ამის შემდეგ მოვიდა გონს კერბერი, ორი ბრეიკი შეასრულა და ზედიზედ სამი გეიმი აიღო, მაგრამ მეცხრე გეიმში საკუთარი მოწოდება დათმო და პარტია წააგო – 3:6.
მეორე სეტში პირველ ბრეიკი ჰალეპმა შეასრულა და 3:1 დაწინაურდა, მაგრამ კერბერმა იქვე შეასრულა უკუბრეიკი, შემდეგ კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება და სეტზე ჩააწოდა – 6:4.
და ამის შემდეგ იყო მესამე სეტი, რომელიც ტურნირის საუკეთესო პარტიად შეიძლება მოინათლოს. სეტის სტარტზე ბრეიკების გაცვლის შემდეგ, კარგა ხანი თანაბარი თამაში მიდიოდა. მატჩის მოგების პირველი შანსი ჰალეპმა მიიღო, რომელმაც მერვე გეიმში ბრეიკი შეასრულა და მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო, მაგრამ კერბერმა მეცხრე გეიმში დაიბრუნა დაკარგული მოწოდება. მეათე გეიმში ჰალეპმა მიღებაზე ორი მატჩბოლი გამოიმუშავა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა – 5:5. ამას რუმინელმა საკუთარი გეიმის წაგებაც დაუმატა და 6:5-ზე უკვე კერბერი აწვდიდა მატჩზე და ორმაგი მატჩბოლიც მიიღო. გერმანელმა ეს რეალური შანსი ხელიდან გაუშვა და ანგარიში ისევ გათანაბრდა. ამ მომენტში ისე ჩანდა, რომ ჰალეპს უფრო მეტი ძალა ჰქონდა შერჩენილი. რუმინელმა იოლად აიღო თავისი გეიმები, კერბერმა კი 7:8-ზე ვეღარ გაუძლო მეტოქის შეტევებს და ჰალეპმა რიგით მეოთხე მატჩბოლით საბოლოო გამარჯვება მოიპოვა – 6:3, 4:6, 9:7 2 საათი და 23 წუთი ბრძოლის შემდეგ.

მაშ ასე, ავსტრალიის ღიას ფინალში სიმონა ჰალეპი და კაროლინ ვოზნიაცკი ითამაშებენ. ორივესთვის ეს არის პირველი ფინალი ავსტრალიაში და მესამე – “დიდი სლემის” ტურნირებზე. არც ერთს ჯერ მოგებული არ აქვს “დიდი სლემის” ჩემპიონატი.

სხვათაშორის, პირველად ბოლო სამი წლის განმავლობაში, ქალთა ტურნირის ფინალში პირველი და მეორე ჩოგნები შეხვდებიან ერთმანეთს.