წარუმატებელია ავსტრალიის ღიას პირველი დღე ამერიკელი ჩოგბურთელებისთვის.
ვინუს უილიამსის გარდა, საწყისი რაუნდი ასევე წააგო აშშ-ის ღიას მოქმედმა ჩემპიონმა, მსოფლიოს მე-13 ჩოგანმა სლოუნ სტივენსმა. ამერიკელი ჩინელ შუაი ჟანგს (35-ე ჩოგანი) ხვდებოდა და პირველი სეტი იოლად მოიგო – 6:2. მეორე სეტში სტივენსი 0:3 ჩამორჩა, მაგრამ სიტუაცია გამოასწორა და 5:4-ზე მატჩზე აწვდიდა, თუმცა, ჟანგმა შეძლო ტაი-ბრეიკამდე მისვლა და იქ 7:2 მოგება. ამან სტივენსი ფსიქოლოგიურად გატეხა და საბოლოოდ, ჩინელმა ზუსტად ორ საათში – 2:6, 7:6(2), 6:2 მოიგო.
კიდევ ერთმა ამერიკელმა, ტურნირის მე-10 ნომერმა კოკო ვანდევეგემ წააგო მოულოდნელად. ის უნგრელ ტიმეა ბაბოშთან დამარცხდა ორ სეტში – 6:7(4), 2:6. ვანდევეგე შარშანდელი ტურნირის ნახევარფინალისტი იყო.
საერთო ჯამში, უკვე ჩატარებულ 14 მატჩში შვიდმა ამერიკელმა წააგო.
დასრულებული მატჩების შედეგები:
შ. ჟანგი (ჩინ)-სტივენსი (აშშ, 13) 2:6, 7:6(2), 6:2
ოსტაპენკო (ლატ, 7)-სკიავონე (იტა) 6:1, 6:4
ბაბოში (უნგ)-ვანდევეგე (აშშ, 10) 7:6(4), 6:2
რიბარიკოვა (სლოვაკ, 19)-თაუნსენდი (აშშ) 6:0, 7:5
ბერტენსი (ჰოლ, 30)-ბელისი (აშშ) 6:7(5), 6:4, 6:2
ფლიპკენსი (ბელ)-რისკე (აშშ) 2:6, 7:6(6), 6:3
ბარტელი (გერ)-ნიკულესკუ (რუმ) 6:4, 7:5.