აურელიო დე ლაურენტისი - ოსიმენთან ახალი კონტრაქტის გაფორმება პრობლემა არ იქნება #1TVSPORT
„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი იტალიურ მედიაში გავრცელებულ ცნობას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ვიქტორ ოსიმენსა და კლუბს შორის ახალი ხელშეკრულების დეტალებზე მოლაპარაკება შეჩერებულია.
როგორც ლაურენტისი ამბობს, „ნაპოლიში“ ყველა ფეხბურთელი ბედნიერია და ნიგერიელთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე პრობლემა არ იქნება.
„ოსიმენთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ყოფილა. ის მსოფლიო დონის მოთამაშეა. ასევე, არ იქნება პრობლემა მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება.
„ნაპოლიში“ ახლა ყველა ფეხბურთელი ბედნიერია. არ ვიცი, რა იქნება, როდესაც ისინი ოდესმე კლუბს დატოვებენ“, – განაცხადა დე ლაურენტისმა El Chiringutotv-ისთან ინტერვიუს დროს.
„ბოლონიასთან“ შეხვედრის დასრულების შემდეგ „ნაპოლის“ სოციალური ქსელის გვერდმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ვიქტორ ოსიმენმა დაცინვად აღიქვა. მატჩის დროს სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა პენალტი ვერ გამოიყენა და კადრებიც სწორედ ამ მომენტს ეხებოდა.
ამის მერე მან „ინსტაგრამზე“ „ნაპოლისთან“ დაკავშირებული თითქმის ყველა ფოტო წაშალა და გაჩნდა ინფორმაცია, რომ კლუბის დატოვებაც სურდა.