აუქციონი ჩაიშალა - ქუთაისის „ტორპედოს“ გაყიდვა გადაიდო #1TVSPORT
აუქციონი ჩაიშალა - ქუთაისის „ტორპედოს“ გაყიდვა გადაიდო #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ ახალი მეპატრონის ვინაობა ჯერ ვერ გაირკვა. გუნდის გასხვისების მიზნით გამართული აუქციონი ჩაიშალა.

საქმე ისაა, რომ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა პოტენციურ ინვესტორს 15 მოთხოვნას უყენებს – კლუბის ყიდვის მსურველმა დავალიანება უნდა გაისტუმროს (2 470 000 ლარი) და 567 017 ლარი შესყიდვაში გადაიხადოს.

ინვესტორს საფეხბურთო სკოლის გამართვა ევალება და 200-მდე ბავშვზე გათვლილი საფეხბურთო აკადემიის და ბავშვთა გუნდების ფუნქციონირების გარანტია უნდა დადოს. ასევე ინვესტორს მოეთხოვება მინიმუმ ყოველწლიური მილიონლარიანი ინვესტიცია და შემოსავლის ალტერნატიული წყაროების მოძებნა.

იყო პუნქტი იმ შემთხვევაშიც, თუ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსება შეწყდებოდა – ასეთ დროს, კლუბის ბიუჯეტი მინიმუმ 4 მილიონი ლარი უნდა იყოს. გარდა ამისა, გუნდს ახალმა მფლობელმა ყოველწლიურად უნდა შეასრულოს უეფა-სა და ეროვნული ლიგის ლიცენზირების მოთხოვნები.

შეგახსენებთ, რომ „ტორპედოს“ გამოსყიდვის სურვილი „ნიუ ვიჟენის“ რექტორ დავით კერესელიძესა და „ალიანს ჯგუფ ჰოლდინგის“ პრეზიდენტს, აიეტ კუკავას ჰქონდათ. მაგრამ არსებული ინფორმაციით, აქუციონზე წამოყენებული პირობების გამო არავინ დაინტერესდა.

აუქციონი ჩაიშალა და ქუთაისის „ტორპედო“ არ გაიყიდა, მაგრამ საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით ახალი აუქციონი მომავალი კვირის ბოლომდე უნდა გაიმართოს.