აუცილებლად გამოგიგზავნი 14-ნომრიან მაისურს ჩემი ავტოგრაფით - გუტიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა #1TVSPORT
„არ ვიცოდი, კვარაცხელიას კერპი თუ ვიყავი“ – ეს გუტიმ (ხოსე მარია გუტიერეს ერნანდესი) საფეხბურთო ტელეგადაცემა „ელ ჩირინგიტოში“ განაცხადა, როდესაც გაიგო, რომ ის „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას ბავშვობის კერპია.
„რეალის“ ყოფილ ნახევარმცველს გადაცემაში სტუმრობისას ხვიჩას ძველი ინტერვიუ მოასმენინეს, სადაც ის „რეალის“ ყოფილ ნახევარმცველზე საუბრისას ამბობდა, რომ, რადგან თბილისში გუტის მაისურა ძნელად საშოვნელი იყო, თეთრ მაისურებზე 14 ნომერს თავად აწერდა და ისე თამაშობდა.
გუტიმ ამით გაოცება ვერ დამალა, აშკარად გაუხარდა და გადაცემაში პირობა დადო, რომ მას მაისურს უსახსოვრებდა: „აქედან მინდა, ვუთხრა: ხვიჩა, თუ „რეალის“ ფეხბურთელი გახდები, აუცილებლად გამოგიგზავნი 14-ნომრიან მაისურს ჩემი ავტოგრაფით“.
კვარაცხელია გუტის ფანი რომ იყო, ჩემპიონთა ლიგაში ფრანკფურტის „აინტრახტთან“ ხვიჩას საგოლე გადაცემის შემდეგაც გაიხსენეს – წლების წინ, „რეალში“ თამაშისას, მსგავსი პასი გუტისაც აქვს გაკეთებული.
გუტიმ კარიერის დიდი ნაწილი მადრიდის „რეალში“ გაატარა, 500-ზე მეტი ოფიციალური მატჩი ითამაშა და 15 ტიტული მოიპოვა, მათ შორის ხუთჯერ ლა ლიგის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ასევე მოიგო ჩემპიონთა ლიგა. „რეალში“ გატარებული 15 სეზონის შემდეგ ერთი სეზონი თურქეთის კლუბ „ბეშიქთაშში“ ითამაშა და კარიერა დაასრულა.