„ატლანტა იუნაიტედი“ - ლობჟანიძე MLS-ში გოლებით და ასისტებით საუკეთესოებშია, ის მოედანზე უბრალოდ არ ჩერდება #1TVSPORT
„ზოგჯერ გვგონია, რომ საბა უბრალოდ არ ჩერდება და სულ დარბის. ჩვენმა 9 ნომერმა დაამტკიცა, რომ გუნდური მუშაობით შეუდარებელია“, – ასე იწყება წერილი „ატლანტა იუნაიტედის“ ოფიციალურ ვებგვერდზე, რომელიც საქართველოს ნაკრების შემტევ ნახევარმცველს, საბა ლობჟანიძეს მიეძღვნა.
„საბა ლობჟანიძე მუშაობის მაჩვენებლით „ატლანტა იუნაიტედში“ შეუდარებელია
როდესაც „ატლანტა იუნაიტედის“ მოთამაშეთა მონაცემებს გადავხედავთ, StatsBomb-ის მიერ მოწოდებული ზოგიერთი სტატისტიკური მაჩვენებელი სასარგებლო ინსტრუმენტია გუნდის მუშაობის შესაფასებლად.
სტიან გრეგერსენი იყო მატჩის საუკეთესო მოთამაშე, როდესაც „ატლანტა იუნაიტედმა“ Mercedes-Benz არენაზე „კოლომბუს ქრიუ“ 2:1 დაამარცხა. თუმცა თამაშის შემდგომ მთავარმა მწვრთნელმა, რობ ვალენტინომ თქვა: „როგორც ჩანს, საბა არ ჩერდება და სულ დარბის“.
შეკითხვა კონკრეტულად საბა ლობჟანიძეზე დაისვა, რომელმაც ზაფხულის დასაწყისში ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრებში დიდი დრო გაატარა. ეს ქვეყანა ევროპის ჩემპიონატზე პირველად მოხვდა და სადებიუტო ტურნირზე ჯგუფური ეტაპიდან გავიდა, სადაც ქართველებმა კრიშტიანო რონალდო და პორტუგალია 2:0 დაამარცხეს. ეს გამოძახება იმას ნიშნავდა, რომ საბა რამდენიმე კვირა კლუბში არ იყო. თუმცა ვალენტინომ განაცხადა, რომ თავდამსხმელმა სამშობლოში საქართველოს ნაკრების საზეიმო დახვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვა და „ატლანტა იუნაიტედს“ დროულად შეურთდა.
საბა ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული ფლანგის შემტევია MLS-სა და კლუბის ისტორიაში. ის 6 გოლით და 6 საგოლე გადაცემით გუნდში ლიდერობს. ამ მაჩვენებლით გახდა მეექვსე ფეხბურთელი კლუბის ისტორიაში, რომელიც „ატლანტა იუნაიტედში“ გამართულ პირველ 30 თამაშში 20 გოლში მონაწილეობდა (გოლი + საგოლე პასის სისტემით). ლობჟანიძე ამით შეუერთდა ძალიან ძლიერ ჯგუფს, რომელშიც შედიან იოზეფ მარტინესი, გიორგოს გიაკუმაკისი, მიგელ ალმირონი, ჰექტორ ვილალბა და ტიაგო ალმადა.
2023 წლის აგვისტოს შემდეგ, რაც შეუერთდა MLS-ის გუნდს, ლობჟანიძე გოლებით და საგოლე პასებით ლიგის საუკეთესო მოთამაშეებშია. როგორც ვალენტინომ თქვა, ლობჟანიძე მოედანზე არ ჩერდება.
„ეს პოზიცია განსაკუთრებით ბევრ შრომას მოითხოვს შეტევასა და დაცვაში, საბა კი გუნდისთვის უდიდეს სამუშაოს ასრულებს“, – ამბობს ვალენტინო.
საბა ლობჟანიძე დაფარული მანძილით ლიგაში მე-7 ადგილზეა – საშუალოდ თამაშში 10,58 კილომეტრს დარბის. მაღალი სიჩქარით დაფარული მანძილით (90 წუთში საშუალოდ 1689 მეტრი) მე-2 პოზიციაზეა, სპრინტების რაოდენობით – მეოთეხე (12 სპრინტი თამაშში), ხოლო 90 წუთში სპრინტების დროს დაფარული მანძილით მესამე პოზიციაზეა (765,3 მეტრი). შემთხვევითი არ არის, რომ ლობჟანიძე სეზონში გატანილი გოლებით (6) თავდამსხმელ დანიელ რიოსს გაუთანაბრდა.
„ვფიქრობ, მას სხვა ენერგია აქვს“, – ამბობს ვალენტინო.
ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როცა „მერსედეს-ბენც არენაზე“ „ატლანტა იუნაიტედის“ საშინაო მატჩების სანახავად მიხვალთ, ცოტა ხნით არ უყუროთ ბურთს, არამედ დააკვირდით მე-9 ნომერს მხოლოდ იმისთვის, რომ ნახოთ, როგორ შრომობს და რამდენს დარბის“, – წერია „ატლანტა იუნაიტედის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.