ათი ფეხბურთელით დარჩენილმა „დილამ“ „სამგურალთან“ ქულა გადაარჩინა #1TVSPORT
გორის „დილამ“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და, 10 ფეხბურთელით დარჩენილმა, ქულა ბოლო წუთზე გადაარჩინა – 1:1.
„სამგურალი“, რომელმაც წინა ტურში „დინამო თბილისი“ დაამარცხა, ფორმაში შედის, რასაც ეს შეხვედრაც ადასტურებს. მიხეილ აშვეთიას გაწვრთნილი გუნდი გორში გამართულ შეხვედრაში ჟან კარლოსის გოლით მე-19 წუთზე დაწინაურდა.
45+5-ე წუთზე „დილა“ კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩავარდა – გორელების მცველმა, ანტონიო ლოპესმა სტუმართა სწრაფი კონტრშეტევისას გიორგი ფანცულაია წააქცია და ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან გააძევეს.
„დილამ“ მეორე ტაიმი შეტევებში გაატარა. წყალტუბოელებმა უპირატესობის შენარჩუნება და მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხეს – 89-ე წუთზე გორელთა ნიდერლანდელი ლეგიონერების შეტევა წარმატებული გამოდგა – ტაირელ ვაუტერის გადაცემით კიფონ ლაიდსმანმა ანგარიში გაათანაბრა.
ეროვნულ ლიგაში გამართული 11 ტურის შემდეგ გორის „დილამ“ 24 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა, ხოლო წყალტუბოს „სამგურალმა“ (9) აუტსაიდერთა ზონიდან თავის დაღწევის შანსი გაანიავა და მე-8 პოზიციაზეა.