ათი ფეხბურთელით დარჩენილმა არველაძის „კარაგუმრუკმა“ „ბაშაქშეჰირთან“ თამაში გადაარჩინა #1TVSPORT
შოთა არველაძის „კარაგუმრუკი“ თურქეთის ჩემპიონატში „ბაშაქშეჰირს“ დაუპირისპირდა და ათი კაცით ქულა მოიპოვა – 1:1.
სუპერლიგის 21-ე ტურის შეხვედრას ქართველი მწვრთნელის გუნდმა უმასპინძლა და თამაში უიღბლოდ დაიწყო. 45-ე წუთზე „კარაგუმრუკის“ ნახევარმცველმა ფლავიო პაოლეტიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და სტუმრებმა ტაიმი 1:0 მოიგეს.
არველაძის გუნდის მდგომარეობა 76-ე წუთზე კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც „კარაგუმრუკის“ მცველმა, დევიდე ბირაშიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა.
ასეთ რთულ ვითარებაში არველაძის გუნდმა შეუძლებელი შეძლო და ანგარიში მაინც გაათანაბრა. 88-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა „კარაგუმრუკის“ მცველმა, სალიჰ დურსუნმა „ბაშაქშეჰირის“ კარი აიღო და გუნდს უმნიშვნელოვანესი ქულა მოუტანა.
თურქეთის სუპერლიგაში გამართული 21 ტურის შემდეგ შოთა არველაძის „კარაგუმრუკმა“ 21 ქულა დააგროვა და მე-14 ადგილზე დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ გუნდმა ბოლო ორ შეხვედრაში ოთხი ქულა მოიპოვა.