„ატალანტას“ მწვრთნელს მიაჩნია, რომ „იუვენტუსთან“ მოგებას იმსახურებდა
„ატალანტას“ მთავარმა მწვრთნელმა „იუვენტუსთან“ ჩატარებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ტურინში გაიმართა და ფრედ – 2:2 დასრულდა.
„იტალიის ჩემპიონატის ლიდერთან შესანიშნავი გამოსვლა გვქონდა, – ციტირებს ჯან პიერო გასპერინის სიტყვებს DAZN. – მოთამაშეებს ვუთხარი, რომ ისე უნდა განეწყონ, თითქოს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას ატარებენ.
ჩვენ მივაღწიეთ ყველაფერს, რისკენაც ვისწრაფვოდით. თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ამავდროულად, იმედგაცრუებულიც, მოგება რომ ვერ მოვახერხეთ. ყველაფერი გავაკეთეთ, ბოლო წუთებამდე ვლიდერობდით და გამარჯვებას ვიმსახურებდით.
გუნდი ყოველ წელს იზრდება. ადრე არ გვყავდა ისეთი შემადგენლობა, როგორიც ახლა „იუვენტუსის“ წინააღმდეგ მოედანზე გავიყვანეთ“.