„ატალანტას“ მწვრთნელი - თამაში კარგად მიდიოდა, მაგრამ კვარაცხელიამ ყველაფერი შეცვალა #1TVSPORT
„ატალანტას“ მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ პრესკონფერენციაზე „ნაპოლისთან“ წაგებული (0:2) მატჩი შეაფასა და წაგების მთავარ ფაქტორად ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.
„ჩვენი დაცვა თამაშს კარგად აკონტროლებდა, ეს იყო გონიერი თამაში ჩვენი მხრიდან, რადგან ქულებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ „ნაპოლისთან“ დაპირისპირებისთვის კარგად მოვემზადეთ. ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდიოდა და სასურველი შედეგის მიღწევას ველოდით.
მაგრამ ყველაფერი კვარაცხელიას უნარმა შეცვალა. ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც უპირისპირდები დიდ გუნდებს, რომლებსაც გადამწყვეტ მომენტში დიდი მოთამაშეების იმედი აქვთ. შესვენების შემდეგ შეგვეძლო მომენტები უკეთ გამოგვეყენებინა, მაგრამ ასეთ თამაშებში ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალური ფაქტორი, ჩვენ კი კვარაცხელიას შესანიშნავი შოუ ვნახეთ“, – განაცხადა „ატალანტას“ მწვრთნელმა.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე 11 გოლი და 9 საგოლე პასია. შეხვედრამდე 22 წლის ქართველი თავდამსხმელი სერია A-ს თებერვლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც EA Sports-ის გამოკითხვით თვის ფეხბურთელის წოდება ერთ სეზონში მეორედ მოიგო.