„ატალანტას“ სპორტულმა დირექტორმა, ჯოვანი სარტორიმ უარყო რუსულ მედიაში გავრცელებული ხმები, თითქოს, იტალიური კლუბი ცსკა-ს ნახევარმცველის, კონსტანტინე მარადიშვილის ტრანსფერით დაინტერესდა.
„ეს ფეხბურთელი არ მაინტერესებს, როგორც „ატალანტას“ სპორტულ დირექტორს. ჩვენი კლუბის სატრანსფერო სიაში მარადიშვილის გვარი არ არის“, – თქვა სარტორიმ.
21 წლის წარმოშობით ქართველმა ნახევარმცველმა მოსკოვის ცსკა-ს ფორმით რუსეთის ჩემპიონატის დასრულებულ სეზონში 35 მატჩი ჩაატარა და ანგარიშზე ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ცდილობდნენ, მარადიშვილი საქართველოს სახელით თამაშზე დაეთანხმებინათ, მაგრამ ის ჯერჯერობით ამაზე თავს იკავებს.