„ასტონ ვილამ“ „ლივერპულის“ ახალგაზრდულ შემადგენლობას ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა
სამშაბათს, ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალში, „ლივერპულმა“ „ასტონ ვილასთან“ ახალგაზრდული შემადგენლობით ითამაშა, 0:5 წააგო და გათამაშებას გამოეთიშა.
როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) იტყობინება, ეს იყო ყველაზე ახალგაზრდული გუნდი, რომელიც „ლივერპულს“ მოედანზე ოდესმე გაუყვანია – შემადგენლობის საშუალო ასაკი 19.5 წელი იყო.
ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ მერსისაიდელთა მთავარი გუნდი ყატარში იმყოფება, სადაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში დღეს მექსიკის მონტერეის უნდა შეხვდეს.
რაც შეეხება ინგლისის ლიგის თასს, აქ ახალგაზრდა ლივერპულელები მხოლოდ პირველი 10 წუთის განმავლობაში გამოიყურებოდნენ სახიფათოდ, შემდეგ კი მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო – ასტონ ვილა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩი ლივერპულსა და მონტერეის შორის დღეს, 18 დეკემბერს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ამ მატჩის გამარჯვებული ფინალში ბრაზილიურ ფლამენგოს შეხვდება, რომელმაც გუშინ საუდის არაბეთის ალ-ჰილალი 3:1 დაამარცხა.