აშვეთიამ წაგებაზე პასუხისმგებლობა აიღო - იმედს ვიტოვებ, რომ ბათუმის „დინამოზე“ არანაკლები გუნდი ვიქნებით
ეროვნულ ლიგაში პირველ ტურში ბათუმის „დინამოსთან“ საშინაო მატჩის წაგების მიუხედავად, ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ აშვეთიამ გუნდის წევრებს მადლობა გადაუხადა.
„ბიჭებს მადლობას მოვუხდი იმ თავდადებისთვის, რაც პირველ მატჩში გამოავლინეს. მართალია, ბათუმის „დინამოსთან“ შეხვედრა წავაგეთ, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმუმი გავაკეთეთ. თამაშიდან გამომდინარე, ფრეს უფრო ვიმსახურებდით. მომენტები ჩვენც გვქონდა, მაგრამ მის ბედს ერთი გოლი წყვეტდა. ბათუმის „დინამო“ კარგი გუნდია. მაგრამ ამ მატჩიდან გამომდინარე იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენც არანაკლები გუნდი ვიქნებით“, – ამბობს მიხეილ აშვეთია.
ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა გუნდის პოტენციალიც შეაფასა.
„წაგების მიუხედავად, დღეს ვნახე, ჩემი გუნდი რას წარმოადგენს და რისი შესაძლებლობა გააჩნია. ჩვენ თამაშიდან თამაშამდე მოვუმატებთ და ყველა გუნდთან ბრძოლა გვექნება. პირველ ტურში ჩვენთან ფავორიტი ბათუმის „დინამო“ იყო, მაგრამ ტაქტიკური მონახაზი, ფაქტობრივად, სრულად შევასრულეთ“.
აშვეთიას თქმით, მეტოქემ „ტორპედოს“ ერთი შეცდომა არ აპატია.
„მეტოქემ ერთი მოდუნება და კონცენტრაციის დაკარგვა არ გვაპატია, რადგან ბათუმელებს კარგი შემსრულებლები ჰყავთ. ჩვენც კარგი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა და ფიზიკური კონდიციები გვაკლია, რადგან შეკრება ვერ გავიარეთ და მხოლოდ მესამე კვირაა, რაც ვემზადებით“.
„ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა წაგებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.
„წაგებას მიზეზები ჰქონდა, მაგრამ ეს ჩემი ბრალია. ამის მიუხედავად, შრომას გავაგრძელებთ და თამაშიდან თამაშამდე მოვუმატებთ. მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებმაც შეზღუდვის მიუხედავად გამონახეს საშუალება და გუნდს მაინც უგულშემატკივრეს. ამას ბიჭები უფრო დაუფასებენ“.
შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონის დაწყებამდე გუნდი ბევრ მოთამაშეს შეელია. მათ ნაცვლად „ტორპედოში“ ფეხბურთელთა ნაწილი სარეზერვო გუნდიდან დაიმატეს, 10 მოთამაშე კი მიიწვიეს, რომელთა უმრავლესობაც (8 ფეხბურთელი) ლეგიონერია.