ამერიკის შეერთებული შტატების ცურვის ფედერაციას სურს, რომ ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 2021 წლისთვის გადაიტანონ. ფედერაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ ჰინჩიმ წერილი მიწერა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, რომელშიც აღნიშნა, რომ ამერიკელი სპორტსმენები კორონავირუსის პანდემიის გამო, სათანადოდ ვერ ემზადებიან თამაშებისთვის და მოუწოდებს კომიტეტს – ერთი წლით გადაავადოს ტოკიოს ოლიმპიადა.
„ოლიმპიადამდე რამდენიმე თვით ადრე ყველამ გადაიტანა დაუჯერებელი სტრესი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ყველა სპორტსმენისთვის თანაბარი პირობების ფაქტორს. ჩვენი სპორტსმენები უდიდესი ზეწოლის ქვეშ არიან, განიცდიან სტრესს, მათი ფსიქიკური ჯანმრთელობა და კარგი განწყობა კი მთავარ პრიორიტეტებს შორის უნდა იყოს.
არ არსებობს იდეალური პასუხები და ასეთ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღება რთულია, მაგრამ საკითხის ამგვარი გადაჭრა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და საშუალებას მისცემს სპორტსმენებს – მოემზადონ 2021 წლის უსაფრთხო და წარმატებული ოლიმპიური თამაშებისთვის“, – წერია წერილში.
2020 წლის ზაფხულის თამაშების გახსნის ცერემონია 24 ივლისს არის დანიშნული.