აშშ-ის საელჩოში ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიღება იმართება [ფოტო]
აშშ-ის საელჩოში ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიღება იმართება [ფოტო]

ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში აშშ-ის საელჩოში საზეიმო მიღება იმართება. ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი სტუმრებს მასპინძლობს. მათ შორის არიან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, მინისტრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ელიზაბეთ რუდთან ერთად, ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. საუბარი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და სამომავლო ურთიერთობებს შეეხო.

„დიდი პატივია აშშ-ის დამოუკიდებლობის 243-ე წლის იუბილეს აღნიშვნა და დიდი პატივია ამ დღესასწაულის აღნიშვნა პრემიერ-მინისტრ ბახტაძესთან, პრეზიდენტ ზურაბიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვაძესთან ერთად და ასევე, აშშ-ის სხვა ძვირფას მეგობრებთან და სტუმრებთან ერთად. აშშ განაგრძობს საქართველოს გვერდით დგომას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაში და იმ ერთობლივ გამოწვევებში, რომლის წინაშეც ვდგავართ“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

აშშ-ში დამოუკიდებლობის დღე 4 ივლისს აღინიშნება და ოფიციალურ დასვენების დღედ არის გამოცხადებული. თარიღი 1776 წლის მოვლენებს უკავშირდება, როდესაც დიდი ბრიტანეთის კოლონიებმა ბრიტანეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და დამოუკიდებლობის დეკლარაცია გააფორმეს.