აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის ბოიკოტის იდეას განიხილავს #1TVSPORT
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის ბოიკოტის იდეას განიხილავს #1TVSPORT

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტის იდეა წამოაყენა. ოლიმპიადა პეკინში უნდა გაიმართოს, პროტესტი კი გამოწვეულია პროვინცია სინძიანში იუგურების შევიწროებით.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ადმინისტრაციამ უკვე განიხილა მოკავშირეებთან ერთად ჩინეთში ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებული სიტუაცია.

„ამ საკითხთან დაკავშირებით კოორდინირებული მიდგომა არა მხოლოდ ჩვენს, არამედ ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების ინტერესებშია“, – განუცხადა პრაისმა გაზეთ Financial Times-ს. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ დეტალური მოლაპარაკებები ბოიკოტთან დაკავშირებით ჯერ არ ყოფილა.

„მსოფლიო ელოდება ჩვენს მომდევნო ნაბიჯს, – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტში რესპუბლიკელების თავმჯდომარემ ჯონ კატკომ. – დროა ოლიმპიადა იმ ქვეყანაში გადაიტანონ, სადაც დემოკრატია და ოლიმპიური ქარტიის სული ზეიმობს. არ შეიძლება თამაშები ჩინეთში გაიმართოს“.

სინძიანში მილიონზე მეტი მუსულმანი იუგური ბანაკებშია ინტერნირებული (სახელმწიფოს მიერ საკუთარი არასანდო მოქალაქეებისთვის თავისუფლების აღკვეთა ან გადასახლება). ბაიდენმა ოფიციალურად უწოდა იუგურების მიმართ ჩინეთის პოლიტიკას გენოციდი.

2022 წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშები 4-20 თებერვალს გაიმართება.