აშშ-ის ღია პირველობაზე მერვედფინალური ეტაპი დასრულდა
აშშ-ის ღია პირველობაზე მერვედფინალური ეტაპი დასრულდა

აშშ-ის ღია პირველობაზე ყველა მეოთხედფინალისტი გაირკვა. მორიგ სათამაშო დღეს მთავარი მატჩი მამაკაცთა ტურნირზე მსოფლიოს მეორე ჩოგანს რაფაელ ნადალსა და 2014 წლის ჩემპიონს მარინ ჩილიჩს შორის იყო. ესპანელმა პირველი სეტი წააგო ტურნირზე, მაგრამ, საერთო ჯამში, იოლად მოიგო და აშშ-ის ღიაზე მეცხრედ გავიდა მეოთხედფინალში.

„დიდი სლემის“ ტურნირების 18-გზის ჩემპიონმა 11 ბრეიკ-პოინტიდან ექვსი გამოიყენა, ჩილიჩმა – სამიდან ორი. ხორვატმა მხოლოდ მეორე სეტში ითამაშა თავის დონეზე და ერთი ბრეიკ-პოინტიც არ მისცა მეტოქეს. სხვა მხრივ, ნადალი დომინირებდა კორტზე, ხორვატზე მეტი ეისი ჩააწოდა (11 10-ის წინააღმდეგ) და პირველ მოწოდებაზე ქულების 81 პროცენტი აიღო. ნადალმა ორ საათსა და 52 წუთში, ანგარიშით – 6:3, 3:6, 6:1, 6:2 მოიგო.

ნადალისთვის ეს იყო ზედიზედ მეცხრე გასვლა „დიდი სლემის“ ტურნირების მეოთხედფინალში. მისი შემდეგი მეტოქე არგენტინელი დიეგო შვარცმანი იქნება, რომელმაც პირველი სეტი წააგო გერმანელ ალექსანდრ ზვერევთან, მაგრამ შემდეგ დამაჯერებლად მოიგო მომდევნო სამი სეტი – 3:6, 6:2, 6:4, 6:3. შვარცმანი ბოლო სამ წელიწადში მეორედ გავიდა აშშ-ის ღიას მეოთხედფინალში.

კიდევ ერთი მეოთხედფინალური წყვილი შეადგინეს გაელ მონფილსმა და მატეო ბერეტინიმ. ფრანგმა ძალიან იოლად მოუგო ესპანელ პაბლო ანდუხარს – 6:1, 6:2, 6:2 და მეცხრედ გავიდა „დიდი სლემის“ ტურნირების მეოთხედფინალში. რაც შეეხება ბერეტინის, მან იოლად შეაჩერა რუსი ანდრეი რუბლიოვის სვლა.