ამერიკის ღია პირველობის მეორე სათამაშო დღეს მესამე ფავორიტი ჩაება ბრძოლაში – მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა ყოველგვარი გართულების გარეშე გამოთიშა ბრძოლას ჯონ მილმენი, რომელმაც ერთი წლის წინ აქ დიდი სენსაცია მოახდინა როჯერ ფედერერის დამარცხებით.
ნადალის წინააღმდეგ მილმენს შანსი არ ჰქონია. ესპანელმა ორ საათსა და 11 წუთში 6:3, 6:2, 6:2 მოიგო. მან 15 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ხუთი გამოიყენა, ავსტრალიელმა – სამიდან ვერც ერთი.
ნადალს აშშ-ის ღიას პირველ წრეში 15-დან 15 მოგება აქვს.
ესპანელის შემდეგი მეტოქე იქნება ავსტრალიელი ტანასი კოკინაკისი. მან სამი საათი და 48 წუთი ბრძოლის შემდეგ მოუგო ბელარუს ივაშკას და ეს იყო მისი პირველი გამარჯვება აშშ-ის ღიაზე.
ნადალი და კოკინაკისი ერთადერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს – 2014 წლის ავსტრალიის ღიაზე და მაშინ ესპანელმა სამ სეტში მოიგო.