აშშ-ის ღია 2019 - ჯოკოვიჩმა რთულ მატჩში მოიპოვა მესამე წრის საგზური
უამინდობამ სერიოზული კორექტივები შეიტანა ამერიკის ღია პირველობის პროგრამაში. მესამე სათამაშო დღეს უნდა გამართულიყო 16-16 მატჩი კაცებისა და ქალების ძირითად ბადეში, მაგრამ ჯამში მხოლოდ 10 მატჩი გაიმართა. თამაშების ჩატარება მხოლოდ იმ ორ კორტზე მოხერხდა, რომლებსაც მოძრავი სახურავი აქვთ.
სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი აგრძელებს ტიტულის დაცვას. მსოფლიოს პირველ ჩოგანს არ ჰქონია იოლი მატჩი არგენტინელი ხუან იგნასიო ლონდეროს წინააღმდეგ. პირველ სეტში სერბი ბრეიკით აგებდა და შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა მეექვსე გეიმში, რომელშიც მეექვსე ცდაზე აიღო ბრეიკი, შემდეგ კი იგივე მეათე გეიმში გააკეთა.
მეორე სეტში ჯოკოვიჩი კიდევ უფრო რთული სიტუაციიდან გამოძვრა – ორმაგი ბრეიკით ჩამორჩა (0:3), შემდეგ თავად შეასრულა ზედიზედ სამი ბრეიკი და სეტზე ჩაწოდების უფლება მიიღო, მაგრამ ლონდერომაც შეძლო ანგარიშის გათანაბრება. საბოლოოდ, ყველაფერი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, რომელიც სერბმა 7:3 მოიგო.
მესამე სეტში თავიდან მეტოქეებმა ბრეიკები გაცვალეს, რის შემდეგაც, ლონდერომ ყველა თავისი გეიმი წააგო, ბრეიკი კი ვეღარ შეასრულა.
ჯოკოვიჩს არასახარბიელო სტატისტიკა ჰქონდა – 51 პროცენტი პირველი მოწოდების სიზუსტე, მეორე მოწოდებით მოგებული ქულების 48 პროცენტი, რვა ორმაგი შეცდომა, 35 უნებლიე შეცდომა და ხუთი წაგებული საკუთარი გეიმი.
ასეა თუ ისე, ჯოკოვიჩმა მოიპოვა მესამე წრის საგზური. ეს იყო სერბის 71-ე მოგება ამერიკის ღიაზე და ამ მაჩვენებლით ის მეხუთე ადგილს იყოფს ამერიკელ პიტ სამპრასთან. მათზე წინ არიან: ივან ლენდლი (73 მოგება), ანდრე აგასი (79), როჯერ ფედერერი (86) და ჯიმი კონორსი (98).
ჯოკოვიჩის მეტოქე მესამე წრეში სერბი დუშან ლაიოვიჩისა და ამერიკელი დენის კუდლას შეხვედრაში გაირკვევა.