აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ ტანკერთან, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა, ირანის არმიის სამხედროები იმყოფებოდნენ
აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ ტანკერთან, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა, ირანის არმიის სამხედროები იმყოფებოდნენ

აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობა ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ირანელი სამხედროები ერთ-ერთი ტანკერიდან აუფეთქებელ ნაღმს იღებენ. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის პრესსპიკერის, სამხედრო-საზღვაო ძალების კაპიტან ბილ ურბანის განცხადებით, ერთ-ერთ ტანკერთან, რომელზეც ომანის ყურეში თავდასხმა განხორციელდა, ირანის არმიის ელიტური დანაყოფის, რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედროები იმყოფებოდნენ.

ნავთობის გადამტან ტანკერებზე თავდასხმაში ირანი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაადანაშაულა. ირანის ხელისუფლება ვაშინგტონის ბრალდებებს უარყოფს და „საბოტაჟური დიპლომატიის“ ნაწილს უწოდებს.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ომანის ყურეში აშშ-მა მართვადი რაკეტებით აღჭურვილი სამხედრო ხომალდი „მეისონი“ გაგზავნა.

ირანულმა ტელეკომპანია „პრეს ტივიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ომანის ყურეში ორ ტანკერზე თავდასხმა განხორციელდა. ერთ-ერთი მათგანი ნორვეგიულ კომპანია „ფრონტლაინს“ ეკუთვნოდა, მეორე კი პანამაში რეგისტრირებულ კომპანიას. ირანული მედია იუწყებოდა, რომ ხომალდებთან ახლოს აფეთქებების ხმა ისმოდა. ომანისა და პაკისტანის პორტებში ტანკერებიდან განგაშის სიგნალი მიიღეს.

ნორვეგიული გამოცემა „ვერდენს განგის“ ინფორმაციით, ტანკერზე ქართველებიც იმყოფებოდნენ.როგორც გაზეთი ტანკერის მფლობელი კომპანიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, ეკიპაჟის 23 წევრს შორის ძირითადად რუსები, ქართველები და ფილიპინელები არიან. ყველა მათგანი უსაფრთხოდაა.

დატოვე კომენტარი