აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას უკრაინაში ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება
აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას უკრაინაში ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას უკრაინაში ბირთვული ობიექტების უსაფრთხოების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ერთობლივ სატელეფონო საუბარში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისადმი რუსეთის შეჭრის ფონზე“, – ნათქვამია ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის განცხადებაში.

ისინი ასევე მიესალმნენ ბოლო პერიოდში გამართულ დისკუსიებს, რომლებიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორების ვიზიტს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მარტის შემდეგ რუსეთის სამხედროებს აქვთ ოკუპირებული. უკრაინა ადგილზე საერთაშორისო ექსპერტების ჩასვლას, ხოლო გაერო სადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნას უჭერს მხარს.

19 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტი თავის ფრანგ კოლეგასთან საუბრისას ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე საერთაშორისო ინსპექტორების დაშვებას დათანხმდა.