აშშ ეთანხმება ბრიტანეთისა და საფრანგეთის შეფასებებს, რომ ირანის მიერ რუსეთისთვის დრონების მიწოდება გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევაა
აშშ ეთანხმება ბრიტანეთისა და საფრანგეთის შეფასებებს, რომ ირანის მიერ რუსეთისთვის დრონების მიწოდება გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევაა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს ჩვენმა ფრანგმა და ბრიტანელმა მოკავშირეებმა საჯაროდ გამოთქვეს შეფასება, რომ ირანის მიერ რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდება გაერო-ს უშიშროების საბჭოს #2231 რეზოლუციის დარღვევა იქნება. ჩვენ ამას ვეთანხმებით“, – განაცხადა პატელმა.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს #2231 რეზოლუცია მხარს უჭერს ირანსა და ექვსეულს (ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, აშშ, ჩინეთი და რუსეთი) შორის ბირთვულ შეთანხმებას, რომელიც საერთაშორისო სანქციების მოხსნის სანაცვლოდ ირანის მიერ ურანის გამდიდრებას ზღუდავდა. რეზოლუციის მიხედვით, ირანისთვის კონვენციურ იარაღზე დაწესებული ემბარგო 2020 წლის ოქტომბრამდე რჩებოდა ძალაში. თუმცა, დასავლელი დიპლომატების განცხადებით, რეზოლუცია ითვალისწინებს რაკეტებსა და მათთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებზე შეზღუდვებს, რომლებიც 2023 წლის ოქტომბრამდე იქნება ძალაში.
„ჩვენ გვჯერა, რომ ეს დრონები, რომელთა გადაცემა ირანიდან რუსეთში მოხდა და რომლებიც გამოიყენება რუსეთის მიერ უკრაინაში, შედის იმ იარაღში, რომელზეც ემბარგო ძალაში რჩება #2231 რეზოლუციის მიხედვით“, – განაცხადა პატელმა.