ასეთი შედეგი ქართული კრივის ისტორიაში არ გვქონია - ახალგაზრდული ნაკრები ბულგარეთიდან დაბრუნდა #1TVSPORT
საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბულგარეთის დედაქალაქში სოფიაში გამართულ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ შედეგს მიაღწია. კონტინენტის პირველობაზე ჩვენი დელეგაცია 13 მონაწილით იყო წარმოდგენილი – მათგან ექვსმა სპორტსმენმა მედალი მოიპოვა – 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი გაჟღერეს გორ აივაზიანმა და დემურ ქაჯაიამ – პირველმა ოქროს მედალი 51 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა, ხოლო ქაჯაიამ გამარჯვება 63.5 კგ წონით კატეგორიაში იზეიმა. აღსანიშნავია, რომ წარმატებულთა შორის ორი გოგონაა – თათია ბუკია 75 კგ-ში ვერცხლის მედალს დაეუფლა, ხოლო თამარ სამელია 48 კგ-ში ბრინჯაოს მფლობელი გახდა.
თბილისში დაბრუნებულ ქართველ მოკრივეთა დელეგაციას გულშემატკივრები, ოჯახის წევრები, კრივის ფედერაციის და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ.
„მე პირადად 5 ბრძოლის ჩატარება მომიხდა. ფინალში მოლდოველ მოკრივეს დავუპირისპირდი. კარგი სპორტსმენი იყო, მაგრამ ოქროს მედალი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოვიპოვე. მიხარია, რომ ასეთ წარმატებას მივაღწიე. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ წარმატებაზე არ შევჩერდე“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ევროპის ჩემპიონმა ახალგაზრდებს შორი დემურ ქაჯაიამ.
კრივის ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური იმედოვნებს, რომ ქართველი მოკრივეები წარმატებებს ოლიმპიადაზეც მიაღწევენ:
„ასეთი შედეგი ქართული კრივის ისტორიაში არ გვქონია. სხვათა შორის, წარმატებით გამოდიან სხვა ასაკობრივი ნაკრებებიც, ეროვნული ნაკრებსაც მალე მნიშვნელოვანი შეჯიბრებები ელის და მათგანაც მედლებს ველით. ზოგადად, ბოლო წლებში კრივში აშკარა პროგრესია და ყველა დონეზე ნაჩვენები შედეგი მაფიქრებს, რომ ოლიმპიადაზე, შესაძლოა, საქართველოს მედლები მოვუტანოთ. მადლობა სპორტსმენებს თავდადებისთვის, მწვრთნელებს მათი კარგად მომზადებისთვის, ხოლო ოლიმპიურ კომიტეტს – მომზადებაში მაქსიმალური თანადგომისთვის“.