ასეთი რამ მანამდე არ მენახა, ფეხბურთის გამო ხალხი ქუჩებში იყო გამოსული - საქართველოს ნაკრების მწვრთნელი დევიდ ვები BBC-ის ესაუბრა #1TVSPORT
BBC საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს. პუბლიკაციის ავტორია ემა სმიტი.
„საფეხბურთო გუნდმა განსაკუთრებულ შედეგს უნდა მიაღწიოს, რომ ღამის 2 საათზე დედაქალაქის მთავარი მოედანი ხალხით გაივსოს. სწორედ ეს მოხდა 26 მარტს, როდესაც საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და პირველად გავიდა დიდი საერთაშორისო ტურნირის ფინალურ ეტაპზე – ევროპის ჩემპიონატზე.
– გამარჯვებიდან ერთ საათში მითხრეს, მწვრთნელო, გაემზადე, თბილისის ქუჩებში გავდივართო, – უთხრა ნაკრების მწვრთნელმა, დევიდ ვებმა BBC-ს, – ასეთი რამ მანამდე არ მენახა, ხალხი ქუჩებში იყო გამოსული. 10 წუთის გზა ერთი საათით გაიწელა, ვიდრე თავისუფლების მოედანზე მივედით.
1991 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. მას მერე ამ ქვეყნის გუნდმა 15 საკვალიფიკაციო ითამაშა და დიდ საფეხბურთო ფორუმზე პირველად მოხვდა.
– ეს იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღე, ისევე, როგორც ბევრი ქართველისთვის. ასეთი ემოცია აქამდე არ განმიცდია, დილის 7 საათამდე დავდიოდით ქუჩებში, ვყვიროდით, ერთმანეთს ვეხვეოდით, – ამბობს ჟურნალისტი საბა საპანაძე.
საქართველოს ნაკრებმა წარმატებას ფრანგი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით მიაღწია, რომელიც „ბაიერნთან“ ერთად ჩემპიონთა თასის მფლობელია, ხოლო 2006 წელს საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა.
საქართველოს ჰყავს ჩემპიონთა ლიგასა და სერია A-ში გამოცდილი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია.
– ხვიჩა ჩუმი ლიდერია. ბევრს შრომობს, ვარჯიშების დასრულების შემდეგაც ცდილობს, საკუთარი თამაში გააუმჯობესოს, – აცხადებს მეორე მწვრთნელი დევიდ ვები.
საქართველოს ნაკრები ერთი ფეხბურთელის გუნდი არ არის. მას ჰყავს „უოტფორდის“ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე და „ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი…
– ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატზე ბევრისთვის ვიქნებით სიურპრიზი. საწყის ორ მატჩში, თურქეთთან და ჩეხეთთან ქულები აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ. ყველაფერი სწორედ ამ შეხვედრებში გადაწყდება, – აცხადებს საპანაძე“.