გამოცემა „სპორტბოქსმა“ ერთა ლიგის გათამაშებაში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან ხვიჩა კვარაცხელიას გოლი გამოარჩია – გამოცემამ საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ქართველი თავდამსხმელი ნიდერლანდელ შემტევს, არიენ რობენს შეადარა.
„ერთა ლიგა რუსეთის პრემიერლიგის მთავარი დრიბლიორის, ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ხომ არ ჩაივლიდა – ქართველი გარემარბი, რომელიც „რუბინის“ ლიდერი გახდა, ეროვნულ ნაკრებში პოზიციებს ახლა იმკვიდრებს. ხვიჩამ სომხეთის წინააღმდეგ ვერ გაიტანა, რადგან მატჩში განაცხადში არ იყო, მაგრამ შემდეგ თამაშში, ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ (1:1) თავი გამოიჩინა. მან ფლანგზე რამდენიმე მცველი ჩამოიშორა, ცენტრისკენ შეიწია და აუღებელი დარტყმით შორეულ კუთხეში გაიტანა. ოდესღაც ასე არიენ რობენს გაჰქონდა. სამწუხაროდ, კვარაცხელიას შესანიშნავი გოლი მის პარტნიორებმა გამარჯვებაში ვერ დაეხმარა. საქართველომ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ბოლო წუთებზე გაუშვა“, – წერს გამოცემა „სპორტ ბოქსი“.
19 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებში ჯერ მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 1 გოლი, 2 საგოლე გადაცემა და 1 მოპოვებული პენალტია. პირველი გოლი სწორედ სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაიტანა. საამისოდ მას მხოლოდ 4 წუთი დასჭირდა – მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა, 74-ე წუთზე კი ჩრდილოეთ მაკედონიას ეფექტურად გაუტანა.