ასათიანი ავსტრიასთანაც სამ ქულას გეგმავს - კუპატაძე ძალიან გვაკლდა, თუმცა ბუკია კომპლიმენტებს იმსახურებს #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა კომენტარი გააკეთა 2024 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდის პირველი მატჩის მოგებაზე ბელგიასთან, რომელიც მისმა გაწვრთნილებმა 4:2 მოიგეს.
„ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა. ჩანდა, რომ ბელგიის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდი იყო. პირველ თამაშში სამი ქულის აღების ყოველთვის უფრო მეტი მოტივაციაა. კუპატაძე ძალიან გვაკლდა, თუმცა ბუკია კომპლიმენტებს იმსახურებს. მან ჩინებულად გაართვა თავი დავალებას. გვქონდა შეცდომები გარკვეულ რგოლებში, მაგრამ, საბოლოო ჯამში, კარგმა თამაშმა გადაწონა. ფეხბურთელებს საჭირო სამი ქულის მოპოვებისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.
მალე გვაქვს ძალები აღსადგენი, რათა ავსტრიასთან სათამაშოდ მზად ვიყოთ. აუცილებელია 3 ქულის მოპოვება. საწყის ორ შეხვედრაში 6 ქულა ძალიან დიდ უპირატესობას მოგვცემს, რათა ერთი ნაბიჯი გადავდგათ მომდევნო ეტაპისთვის“, – ამბობს ავთანდილ ასათიანი.
შრგახსენებთ, რომ ბელგიასთან მატჩში საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა მოიპოვა და ფერნანდოს, რონინიოს და თალესის გოლებით 4:2 გაიმარჯვა. მეინ-რაუნდის მეორე შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს გასვლაზე ავსტრიასთან გამართავს.