ასაკობრივ ნაკრებთა მწვრთნელები ცნობილია - ხიზანიშვილმა გუნდი დამოუკიდებლად პირველად ჩაიბარა
საქართველოს ასაკობრივ საფეხბურთო ნაკრებთა სამწვრთნელო შტაბები დაკომპლექტებულია – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2019 წლისთვის ცვლილება განახორციელა, რომელიც სამ ასაკობრივ ნაკრებს შეეხო.
16-წლამდელებს სათავეში ზურაბ ხიზანიშვილი ჩაუდგა. საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი და ვიცეკაპიტანი. 2017 წლის ივნისიდან საქართველოს 21-წლამდე ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ჯერ გია გეგუჩაძის თანაშემწედ მუშაობდა, შემდეგ გია ცეცაძეს ეხმარებოდა. ახლა ვეტერანი ფეხბურთელი დამოუკიდებლად ასაკობრივ ნაკრებს პირველად გაწვრთნის. ამავე დროს, ის თბილისის „ლოკომოტივში“ მთავარი მწვრთნელის, გიორგი დევდარიანის ასისტენტი გახლდათ.
37 წლის ზურაბ ხიზანიშვილმა საფეხბურთო კარიერის განმავლობაში თბილისის „დინამოში“, „ლოკომოტივში“, შოტლანდიურ „დანდისა“ და „რეინჯერსში“, ინგლისურ „ბლექბერნში“, „ნიუკასლსა“ და „რედინგში“, თურქულ „ქაისერისფორში“ და „სამტრედიაში“ ითამაშა. ხიზანიშვილი იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და ჩატარებული მატჩების რაოდენობით (93 მატჩი) ერთ-ერთი რეკორდსმენია.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ 18-წლამდელებს გიორგი მიქაძე გაწვრთნის, ხოლო 19-წლამდელებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს.დანარჩენი სამი ასაკობრივი ნაკრების სამწვრთნელო სტაფში კი ცვლილებები არ მომხდარა: 17-წლამდელებში გიორგი ჩიტაური იმუშავებს, 20-წლამდელებში ვასილ მაისურაძე, ხოლო 21-წლამდელებში – გიორგი ცეცაძე.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ნემსაძემ თბილისის „შევარდენი“ ჩაიბარა – ეს ავტომატურად იმას ნიშნავდა, რომ ორ ფრონტზე ვერ დასაქმდებოდა.