AS-ი - კეპა არისაბალაგას დამატებამდე „რეალი“ მამარდაშვილს იწვევდა, მაგრამ ტრანსფერი სწრაფად ვერ განხორციელდა #1TVSPORT
ზაფხულში ტრავმირებული ტიბო კურტუას გარეშე დარჩენილი მადრიდის „რეალი“, კეპა არისაბალაგას დამატებამდე, გიორგი მამარდაშვილის გადაბირებას ცდილობდა, – ინფორმაციას ესპანური გამოცემა AS-ი ავრცელებს.
„მადრიდის „რეალი“ ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, როდესაც ტიბო კურტუა სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე დაშავდა. ბელგიელს ჯვარედინი იოგები აქვს დაწყვეტილი და სავსებით შესაძლებელია, რომ სეზონის ბოლომდე ვერ დაბრუნდეს. შედეგად, „სამეფო გუნდს“ სჭირდებოდა სწრაფად მოეძებნა გამოსავალი.
საბოლოოდ, „ჩელსიდან“ იჯარით კეპა არისაბალაგა დაიმატეს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ეჭვი ეპარებოდა ამ ნაბიჯის სისწორეში, ესპანელი მეკარე „რეალისთვის“ სოლიდური დანამატი აღმოჩნდა და ძალიან კარგად გამოიყურება.
მაგრამ მადრიდელები ზაფხულში სხვა მეკარის შეძენასაც ცდილობდნენ და კონკრეტული წინადადებაც ჰქონდათ. გუნდისთვის საინტერესო გიორგი მამარდაშვილი იყო. „რეალმა“ მამარდაშვილის ერთსეზონიან იჯარაში 5 მილიონი ევრო შესთავაზა „ვალენსიას“, სადაც 30 მილიონ ევროდ შეფასებული კონტრაქტის გამოსყიდვის პუნქტი არასავალდებულოდ იყო ნახსენები. ასევე, კლუბს სურდა, რომ „ვალენსიას“ პასუხი 48 საათის განმავლობაში ეთქვა.
ფაქტია, რომ „რეალში“ 23 წლის მეკარის ტრანსფერი არ შედგა. შესაძლოა, „ვალენსიისთვის“ ეს არ იყო საუკეთესო დრო, რადგან გუნდს მამარდაშვილის შემცვლელი სწრაფად უნდა შეერჩია.
ცოტა ხნის წინ იყო საუბარი იმის შესახებ, რომ მადრიდის „რეალი“ ცდილობს, „ჩელსიდან“ კეპას კონტრაქტი გამოისყიდოს, რადგან ესპანელმა ძალიან კარგად ითამაშა, ხოლო ანდრეი ლუნინს კონტრაქტის ვადა 2024 წლის ზაფხულში ეწურება და, სავარაუდოდ, მადრიდს დატოვებს.
გიორგი მამარდაშვილი კი კვლავ რჩება „ვალენსიიდან“ წასვლის მთავარ კანდიდატად. ამბობენ, რომ საქართველოს ნაკრების მეკარით პრემიერლიგისა და სერია A-ს რამდენიმე კლუბი, ასევე ბუნდესლიგის ჩემპიონი მიუნხენის „ბაიერნი“ დაინტერესდა“, – ამტკიცებს ესპანური გამოცემა.