არველაძის სადებიუტო შეხვედრა - „კარაგუმრუკი“ „გალათასარაისთან“ დამარცხდა #1TVSPORT
შოთა არველაძემ თურქეთის სუპერლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა „კარაგუმრუკის“ მთავარი მწვრთნელის რანგში, რომელიც სტამბოლში „გალათასარაის“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დამარცხდა.
შოთა არველაძემ გუნდი ინგლისური „ჰალ სიტიდან“ წამოსვლიდან ერთწლიანი პაუზის შემდეგ ჩაიბარა და თურქული გრანდის წინააღმდეგ სერიოზული გამოცდა ელოდა. იმის მიუხედავად, რომ ქართველი მწვრთნელის მეტოქე ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელი იყო, „კარაგუმრუკმა“ „გალათასარაის“ დიდი წინააღმდეგობა გაუწია. ერთადერთი გოლი შეხვედრის მე-40 წუთზე ქერემ აქტურქოღლუმ დააფიქსირა.
შოთა არველაძის ახალი კლუბი თურქეთის სუპერლიგაში გამართული 16 ტურის შემდეგ 17 ქულით მე-14 ადგილზეა, ხოლო „გალათასარაი“ (43) ლიდერს, „ფენერბახჩეს“ დაეწია.
აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში „გალათასარაის“ მწვრთნელი ოკან ბურუკი და „კარაგუმრიუკის“ მწვრთნელი შოთა არველაძე მეოთხედ გახდნენ მეტოქეები. წინა მატჩებში ბურუკი „გაზიანთეპსპორსა“ და „ელაზიგსპორს“ წვრთნიდა, შოთა კი „კასიმფაშას“. ამ დაპირისპირებაში ოკან ბურუკმა პირველად გაიმარჯვა არველაძის გუნდთან, წინა ორი მატჩი შოთამ მოიგო, ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.