შოთა არველაძის „ჰალ სიტი“ არასტაბილურად თამაშს აგრძელებს. გუნდმა გასვლაზე „პიტსბოროსთან“’ მოგების (0:3) შემდეგ საშინაო მატჩი „ვესტ ბრომვიჩთან“ გამართა და დამარცხდა.
სტადიონის ტრიბუნაზე გამოჩნდა უკრაინის დროშა და ოკუპანტთან მეომარი ქვეყნის მხარდამჭერი წარწერა – football stands together (ფეხბურთი ერთად დგას). ინგლისი და მთელი ევროპა უკრაინის თავისუფლებისთვის ამგვარად გამოხატავს სოლიდარობას.
მას შემდეგ, რაც „ჰალ სიტი“ ქართველმა სპეციალისტმა ჩაიბარა, საშინაო თამაშებიდან მხოლოდ პირველი მოიგო „სუონსი სიტისთან“, შემდეგი სამი კი წააგო. სამწუხაროდ, „ჰალ სიტი“ ჩემპიონშიფის 36-ე ტურშიც დამარცხდა.
„ვესტ ბრომვიჩმა“, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში მოხვედრის შანსს, შეხვედრა მასპინძლებზე უკეთ ჩაატარა. ანგარიში მე-17 წუთზე კარლან გრანტმა გახსნა და სტუმრებმა ტაიმი მოიგეს. 48-ე წუთზე გრანტმა დუბლი შეასრულა და „ჰალ სიტის“ შანსი გადაუწურა.
საბოლოოდ, „ჰალ სიტიმ“ ზედიზედ მეოთხე საშინაო შეხვედრა დათმო (0:2), 37 ქულით დარჩა და მე-20 ადგილზე დაქვეითდა. თუმცა, გასავარდნ ზონაში მყოფ „დერბი ქაუნთის“ 13 ქულით ასწრებს.