არველაძის გუნდის პირველი გამარჯვება - „კარაგუმრუქმა“ აბურჯანიას „ჰატაისფორს“ გადაასწრო #1TVSPORT
შოთა არველაძემ თურქეთში დაბრუნების შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა – ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილმა „კარაგუმრუქმა“ ერთ-ერთი ლიდერი „ქაისერისფორი“ დიდი ანგარიშით – 4:1 დაამარცხა.
50 წლის ქართველი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, „კარაგუმრუქმა“ სამი მატჩი ჩაატარა, სამივე წააგო და თურქეთის სუპერლიგის მე-16 ტურში, საშინაო შეხვედრაში გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაცია სურდა.
არველაძის გაწვრთნილები „ქაისერისფორს“ დაუპირისპირდნენ, რომელიც შოთას სამწვრთნელო კარიერაში პირველი გუნდი იყო, სადაც მთავარი მწვრთნელის რანგში დამოუკიდებლად იმუშავა.
„ქარაგუმრუკმა“ ერთ-ერთ ლიდერთან შესანიშნავად ითამაშა და პირველი ტაიმი 3:1 მოიგო – შვედმა ნახევარმცველმა, მარკუს როდენმა ჰეთთრიკი შეასრულა. შეხვედრის მეორე ნახევარში „ქაისერისფორს“ იტალიელმა თავდამსხმელმა, კევინ ლაზანიამაც გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:1.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი აბურჯანიამ „ჰატაისფორის“ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში „გაზიანთებთან“ და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. შეხვედრა ფრედ დასრულდა – 0:0.
16 ტურის შემდეგ თურქეთის სუპერლიგაში „კარაგუმრუქმა“ 20 ქულა დააგროვა, აბურჯანიას „ჰატაისფორს“ (20 ქულა) დამატებითი მაჩვენებლებით გადაასწრო და მე-15 ადგილზე დაწინაურდა.