არველაძეს ქართველი მოთამაშეები აოცებენ - არ მესმის, რატომ უნდა ვითამაშოთ მაინცდამაინც შემტევი ფეხბურთი
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ სტუმარმა, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ ქართულ ფეხბურთზე ილაპარაკა და ყურადღება თანამედროვე ქართველი მოთამაშეების უცნაურ თვისებებზე გაამახვილა.
„თბილისის „დინამოს“ რომ იხსენებ, თავდაპირველად გაგონდება გუცაევი როგორ გაძვრა მცველებში, ყიფიანმა რა პასი მისცა და შენგელიამ რა გოლი გაიტანა. ჩივაძეზე იმას კი არ ამბობ, ბურთი რა კარგად აართვა, არამედ, „ვესტ ჰემთან“ ბურთი რომ წამოიღო და მაგარი გაიტანა. მოკლედ, პირველი ემოციური შთაბეჭდილება გოლს და შეტევას უკავშირდება. მაგრამ ახლა მთლად გაგიჟდნენ ქართველები, მოტყუებული კაცი კიდევ უნდა მოატყუონ, მე-7 წუთზე ვიღაცას ფეხში უნდა ჩაარტყან და ყვითელი მიიღონ, მერე მთელი მატჩი მეორე ყვითლის და გაძევების შიშით დატუსაღებულივით ახლოს რომ ვერ გაეკაროს“, – განაცხადა არველაძემ.
მან ფეხბურთის განვითარების მიმართულებებზე საუბრისას ხაზი პრაგმატული ფეხბურთის თამაშის აუცილებლობას გაუსვა:
„ჩემი აზრით, ფეხბურთის წინსვლას ანალიტიკა და გემოვნების განვითარებაც სჭირდება. ვოვას დროსაც და შემდეგაც საქართველოში იყვნენ ფეხბურთელები, რომლებიც გემოვნებას ავითარებდნენ. მაგრამ არ მესმის, რატომ უნდა ვითამაშოთ მაინცდამაინც შემტევი ფეხბურთი, იქნებ უკეთესია, მეტოქეს 60-პროცენტიანი ბურთის ფლობა ჰქონდეს, 15 კუთხური ჩააწოდოს, ჩვენ – სამი და 1:0 მოვიგოთ. ასე თამაშობს მოურინიო, 300 მილიონი იშოვა და უამრავი ტიტული მოიპოვა. „ბარსელონას“ 38 აქვს გატანილი და მესამეზეა, სიმეონეს „ატლეტიკომ“ კი 31 გაიტანა და პირველზეა“.