არველაძეს ბევრი არჩევანი აქვს - ქართველი სპეციალისტი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს
რას აპირებს შოთა არველაძე და სად გააგრძელებს სამწვრთნელო კარიერას? – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ სტუმარმა, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა და ცნობილი მწვრთნელის ძმამ, რევაზ არველაძემ ილაპარაკა.
„გულწრფელად ვიტყვი, რომ შოთა კარგი მწვრთნელი გამოვიდა. მას უზბეკეთში ძალიან ნაყოფიერი სამი წელი ჰქონდა. სადაც არ უნდა მუშაობდე, ასეთი წარმატება რომ გაქვს, გინდა აზიაში იყო და გინდა, აფრიკის რომელიმე გუნდის მწვრთნელი, მოგება, კარგად და ლაღად თამაში ყველგან ძნელია. ასევე ძნელია ამ დონის შენარჩუნება და ნაკრებისთვის ფეხბურთელების გაზრდა და მიწოდება, აზიის ჩემპიონთა ლიგის ლამის ნახევარფინალამდე მისვლა. იქაც მე-12 წუთზე საუკეთესო თავდამსხმელი გაუგდეს.
ბუნებრივია, ასეთი კარგი წლების შემდეგ, ახლა შოთის ბევრი არჩევანი აქვს – ემირატებიდან, ორი აზიური ნაკრებიდან, ნიდერლანდებისა და თურქეთის გუნდიდან, ამიტომ არ ჩქარობს“, – განაცხადა „ტაიმაუტში“ არველაძემ.
ვლადიმერ გუცაევი, გადაცემის თანაწამყვანი: „ტაშკენტის „პახტაკორის“ ბაზაზე ვიყავი და გაოცებული დავრჩი, შოთას როგორი აწყობილი სისტემა ჰქონდა – როგორც ნამდვილ პროფესიონალს და დიდი გამოცდილების მქონე მწვრთნელს. ეს მომეწონა და გულწრფელად ვუთხარი, შოთა, შენ ცოდო ხარ ამ ჩემპიონატში, დიდ ხანია ამ დონისთვის გადაიზარდე და წინ უნდა წახვიდე-მეთქი“.
რეზო არველაძე: „ჩვენც ეს გვინდა. ახლა ისვენებს, რთული წლის შემდეგ ესეც მნიშვნელოვანია. მეტი თავისუფალი დრო აქვს, სტამბოლში ვატოს თამაშებზე დადის (ვატო არველაძე „კარაგუმრუქში“ თამაშობს). ამ გუნდთან ჩვენ კიდევ ბევრი რამ გვაკავშირებს. შოთა აუცილებლად ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მიიღებს“.