არველაძე „ინტერთან“ ლეგენდების მატჩის მოლოდინშია - ქეცბაია იმედოვნებს, რომ ეს შეხვედრა ფეხბურთის პოპულარიზაციას წაადგება [ვიდეო] #1TVSPORT
შოთა არველაძემ თემურ ქეცბაიასთან ერთად ჩაწერილი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრების ვეტერანებსა და მილანის „ინტერის“ ლეგენდებს შორის დაგეგმილი მატჩის შესახებ საუბრობენ.
შოთა არველაძე: „ამხანაგური მატჩი იქნება და სისწრაფეებს გავიხსენებთ. „ინტერი“ დიდი კლუბია და ეპოქები აქვს დაწერილი – „კატენაჩოს“ და ერერას რომ შევეშვათ, რამხელა ვარსკვლავებს ჰყავდათ – ომარი სივორი გინდა და თუ სხვები. ჩვენთანაც ხომ უნდა იყოს ამ დონის სიხარული. გვაქვს საშუალება, ფიგუ, კამბიასო და ძანეტი ჩამოვიყვანოთ.
რა თქმა უნდა, ბევრ ქართველ ფეხბურთელსაც იხილავენ.ზოგიერთმა თუ მოასწრო და გახდა, ითამაშებს, ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარის გვარს არ დავასახელებ. მოსამზადებლად სამი თვე გვაქვს. ბიჭები თამაშობენ და ერთი-ორი თუ გავაქციეთ, მე მგონი, კარგი დღე იქნება“.
თემურ ქეცბაია: „კარგია, რომ ფეხბურთს გავიხსენებთ. „ინტერი“ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და დიდი დონის ფეხბურთელებს უთამაშიათ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ასეთი დონის გუნდის და მოთამაშეების ჩამოყვანა ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის.
თუმცა, ეს მატჩი საინტერესო მარტო იმით კი არაა, რომ „ინტერი“ ჩამოდის – გულშემატკივარი (ვეტერან) ქართველ ფეხბურთელებსაც ნახავს. მადლობა იმ ხალხს, ვისი დამსახურებითაც ამ დონის გუნდი საქართველოში ჩამოვა. ჩვენს ქვეყანას თუ რამე აკლია, ფეხბურთი აკლია, დანარჩენი ყველაფერია. ჩემი ოჯახი ათი წლის შემდეგ ჩამოვიყვანე, მანამდე არ მოდიოდნენ. ახლა საქართველო რომ ნახეს, სულ მეკითხებიან, როდის წავალთო“.