ჩილელი არტურო ვიდალი ბარსელონას შემადგენლობაში ესპანეთის ჩემპიონი გახდა. კატალონიურმა გუნდმა ლა ლიგას ბოლო ტურში შინ მოუგო ლევანტეს (1:0) და თავისი არსებობის ისტორიაში 26-ედ და ბოლო 11 წელიწადში მერვედ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონობა.
ვიდალი კი ზედიზედ მერვედ გახდა ჩემპიონი სხვადასხვა კლუბებთან ერთად. 2011-15 წლებში, მან ოთხჯერ მოიგო სერია A იუვენტუსთან ერთად, 2016-18 წლებში კი სამჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი ბაიერნის შემადგენლობაში.
ასეთი სერია აქამდე მხოლოდ შვედ ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ჰქონია. ის ზედიზედ რვა წელი ხდებოდა ჩემპიონი: აიაქსში (2004), იუვენტუსში (2005, 2006), ინტერში (2007-09), ბარსელონაში (2010) და მილანში (2011), თუმცა იუვეში მოპოვებული ტიტულები ზლატანს ჩამოართვეს ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებული სკანდალის გამო.