„ბარსელონას“ ნახევარმცველი არტური აცხადებს, რომ მას მხოლოდ კატალონიურ კლუბში სურს თამაში და სხვა გუნდებისგან შეთავაზებები საერთოდ არ აინტერესებს. ამ ინფორმაციას „ი-ეს-პი-ენი“ (ESPN) ავრცელებს.
„მსგავსი ხმები ყოველთვის იყო და იქნება, თუმცა მე მხოლოდ ერთი ვარტიანტი მაინტერესებს და ეს არის „ბარსელონა“, – აცხადებს ბრაზილიელი, – „აქ თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ და მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბისა, რომ ბოლომდე მენდობიან. ძალიან სასიამოვნოა დიდი კლუბებისგან ჩემს მიმართ გამომჟღავნებული ინტერესი, თუმცა ჩემი მიზანია „ბარსელონაში“ კიდევ დიდხანს ვითამაშო“.
არტური კატალონიურ გრანდში 2018 წელს ბრაზილიური „გრემიოდან“ გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან მონაწილეობა 16 მატჩში მიიღო, გაიტანა სამი გოლი და გააკეთა ამდენივე საგოლე გადაცემა.