ლონდონის „არსენალმა“ „ფლამენგოს“ ესპანელი მცველი პაბლო მარი გაიფორმა. ფეხბურთელი ინგლისურ კლუბში იჯარის წესით გადავიდა და სეზონის ბოლომდე ითამაშებს პრემიერლიგაში. ამასთან, „არსენალს“ მარის გამოსყიდვის უფლება ექნება.
ესპანელი ლონდონელთა დამრიგებლის მიკელ არტეტას პირველი შენაძენი გახდა. პაბლო მარი „ფლამენგოში“ გასული წლის ზაფხულში გადავიდა „მანჩესტერ სიტიდან“, რომლის შემადგენლობაში არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია. ბრაზილიურ კლუბში მარიმ 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სამი გოლი გაიტანა. „ფლამენგოში“ მან მოიგო ბრაზილიის ჩემპიონატი და კოპა ლიბერტადორესი.