„არსენალის“ ყოფილმა ფორვარდმა აღიარა, რომ 19 წლის ასაკიდან დღემდე პოკერში 6 მილიონი წააგო
ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა ფორვარდმა ნიკლას ბენდტნერმა დანიაში, საკუთარ რეალითი-შოუში აღიარა, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების გამო სერიოზული პრობლემები ჰქონდა.
„მთელი ცხოვრება ვთამაშობდი პოკერს. ეს ყველაფერი 19 წლის ასაკიდან დაიწყო. რთული დასათვლელია, რამდენი ფული წავაგე, თუმცა დაახლოებით ვიცი – ექვსი მილიონი ფუნტი.
ერთხელ ღამით ლონდონში სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა და ყველაფერი შეიძლებოდა ძალიან ცუდად დასრულებულიყო. საბოლოოდ, შევძელი ამ სირთულის გადალახვა და იმ დღიდან მაღალი ფსონები ჩემთვის დამთავრებული იყო. გადავწყვიტე, გაცილებით დაბალ თანხებზე მეთამაშა“, – მოჰყავს ბენდტნერის სიტყვები გაზეთ „სანს“.
„არსენალის“ გარდა, დანიელი თამაშობდა „იუვენტუსსა“ და „ვოლფსბურგში“, მისი ბოლო კლუბი კი „კოპენჰაგენი“ იყო.