„დეილი სტარის“ ცნობით, ლონდონის „არსენალი“ ვინისიუს ჟუნიორითაა დაინტერესებული და ბრაზილიელი ფეხბურთელის იჯარის წესით დამატება სურს.
არტეტას გუნდს სეზონის პირველ ნახევარში საკმაოდ დიდი პრობლემები აქვს შეტევაში, მათ პრემიერლიგაში 14 მატჩში 12 გოლი აქვთ გატანილი და მე-15 ადგილზე იმყოფებიან, შესაბამისად ესპანელი სპეციალისტი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებისას სხვა ფეხბურთელებისკენ იყურება.
„მეთოფეები“ ცდილობენ შემადგენლობა ისე გააძლიერონ, რომ არტეტას სიტუაციის გამოსწორებაში დაეხმარონ. პირველი ფეხბურთელი, რომელიც გუნდის შეტევით პოტენციალს გაზრდის არის ისკო, რომლის შეძენასაც „არსენალი“ იანვარში შეეცდება. კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც ლონდონური კლუბი აკვირდება არის 20 წლის შემტევი ნახევარმცველი ვინისიუს ჟუნიორი. „რეალს“ მისი იჯარის წესით გაშვება სურს, რადგან ფიქრობენ, რომ ჯერ ბოლომდე არ არის მზად მადრიდული კლუბის ძირითად შემადგენლობაში მუდმივად ყოფნისათვის. მათი აზრით, ვინისიუსმა სხვა გუნდში უნდა მიიღოს უფრო მეტი გამოცდილება, „არსენალი“ და პრემიერლიგა კი ამისთვის კარგი ვარიანტია.
არაერთი წყაროს თანახმად, თუ არტეტა გუნდში მნიშვნელოვან ცვლილებებს არ განახორციელებს და სიტუაციას არ გამოასწორებს, მიუხედავად მენეჯმენტის დიდი ნდობისა, ესპანელს, შესაძლოა ლონდონური კლუბის დატოვება მოუწიოს.