ლონდონის „არსენალი“ აგრძელებს პრემიერლიგაში 100-პროცენტიანი შედეგით ლიდერობას.
მეხუთე ტურში „მეთოფეებმა“ შინ 2:1 დაამარცხეს „ასტონ ვილა“. 30-ე წუთზე ანგარიში გაბრიელ ჟესუსმა გახსნა, რომელსაც ხუთ ტურში სამი გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.
74-ე წუთზე „ასტონ ვილამ“ გაათანაბრა – კუთხურიდან პირდაპირი დარტყმით გაიტანა დუგლას ლუისმა.
გამარჯვების გოლი ბუკაიო საკას პასით გაბრიელ მარტინელიმ გაიტანა 77-ე წუთზე.
„არსენალს“ ხუთ ტურში ხუთი მოგება დაუგროვდა – ასეთი სტარტი მას ისტორიაში მეოთხედ აქვს. წინა სამი შემთხვევიდან გუნდი ორჯერ გახდა ჩემპიონი.
შემდეგ ტურში „არსენალი“ სტუმრად ითამაშებს „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ.