არსენ ვენგერმა 2009 წელს იწინასწარმეტყველა სუპერლიგის გამოჩენა #1TVSPORT
„არსენალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა მხარი არ დაუჭირა სუპერლიგის შექმნას, მიუხედავად იმისა, რომ იწინასწარმეტყველა მისი გამოჩენა 12 წლის წინ.
„ვფიქრობ, ეს ცუდი იდეაა. ფეხბურთი ერთიანი უნდა იყოს, და ეს არის მთავარი. ის ეფუძნება სპორტულ პრინციპებსა და ევროპული ფეხბურთის ისტორიისადმი პატივისცემას. პირადად მე მიმაჩნია, რომ ეს იდეა შორს ვერ წავა“, – განაცხადა 71 წლის ვენგერმა „დეილი მეილთან“ კომენტარში.
ამასობაში, Football.london-მა გაიხსენა ლეგენდარული მწვრთნელის მიერ 2009 წელს ნათქვამი სიტყვები – მაშინ ვენგერმა იწინასწარმეტყველა სუპერლიგის დაარსება. „შესაძლოა, უახლოესი 10 წლის განმავლობაში ევროპაში გაჩნდეს სუპერლიგა. ზოგიერთი კლუბი უკმაყოფილოა ჩემპიონთა ლიგაზე საპრიზო თანხების განაწილებით. 100 პროცენტით დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ვიღაცეები ამის შესახებ აქტიურად ლაპარაკობენ. ასეთი ტურნირი შეიძლება გაჩნდეს, თუ წესები ძალიან ხისტი იქნება დიდი კლუბების მიმართ’, – ამბობდა ვენგერი.
2018 წელს „არსენალიდან“ წასვლის შემდეგ, ვენგერი ფიფა-ში ფეხბურთის განვითარების განყოფილებას ხელმძღვანელობს.