„არისის“ მწვრთნელი - ქვილითაია შეტევაში გუნდის თამაშს უფრო მრავალფეროვანს გახდის #1TVSPORT
ლიმასოლის „არისის“ მთავარმა მწვრთნელმა, ალექსეი სპილევსკიმ კლუბის ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში გიორგი ქვილითაის ტრანსფერზე ისაუბრა. ბელარუსმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ქართველი თავდამსხმელი გუნდის თამაშს განსხვავებულ ელემენტებს შემატებს.
„გიორგი ქვილითაიას კვიპროსში ყველა იცნობს. „არისში“ გადმოსვლამდე აპოელ-ის კაპიტანი იყო და ამ გუნდთან ერთად ქვეყნის ჩემპიონი გახდა. მრავალი წელია, კვიპროსში თამაშობს, ქვეყანასა და ჩემპიონატს შესანიშნავად იცნობს.
ახლახან მან საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და შესანიშნავი გამოცდილება მიიღო. კარგად მახსოვს, აპოელ-ის შემადგენლობაში „არისთან“ მატჩებში ყოველთვის მაღალ დონეზე თამაშობდა.
მიუხედავად იმისა, რომ სამი ძალიან კარგი თავდამსხმელი გვყავს, ვფიქრობ, გიორგი შეტევაში განსხვავებულ ელემენტებს შეგვმატებს, განსაკუთრებით იმ გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც თავს კარგად იცავენ.
გარდა ამისა, ქვილითაიას მენტალიტეტი მომწონს. მოედანზე გუნდს ძლიერი ნებისყოფის მქონე ფეხბურთელი ყოველთვის სჭირდება. ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის ჩვენთანაა. გიორგი ავსტრიაში შემოგვიერთდება და დარწმუნებული ვარ, გუნდში ინტეგრაციას მალე შეძლებს“, – განაცხადა „არისის“ მწვრთნელმა.