სოხუმის „დინამოს“ დირექტორმა დავით თაქთაქიშვილმა ახალი ტურნირის გამართვის ინიციატივა გააჟღერა.
„საქართველოში სადღეისოდ აფხაზეთიდან დევნილი რამდენიმე კლუბია – ეროვნულ ლიგა -2-ში თამაშობს „გაგრა“, რეგიონულ ლიგაში – სოხუმის „დინამო“, გულრიფშის „კოლხი“ და სოხუმის „ცხუმი“, ხოლო სოხუმის „აფხაზეთი“ – მოყვარულთა ლიგაში. სამაჩაბლოდან მხოლოდ ორი გუნდია და ორივე რეგიონულ ლიგაში – აჩაბეთის „ლიახვი“ და ცხინვალის „ლიახვი“. ანუ სულ 7 საფეხბურთო კლუბია და შეგვიძლია საქართველოში ჩავატაროთ ხსოვნის ტურნირი, რომელიც მიეძღვნება ჩვენი გმირების ხსოვნას“, – აცხადებს თაქთაქიშვილი.
მისი თქმით, ეს ტურნირი გუნდებს მოსამზადებალდ წაადგებათ: „გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიის დროს მომზადება გართულებული იქნება, ეს ტურნირი შესაძლებელია ჩატარდეს მოსამზადებელი ეტაპის დროს და ამხანაგური მატჩების მაგივრობა გაგვწიოს. უახლოეს პერიოდში გაცნობებთ, როდის შეიძლება გაიმართოს ტურნირი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სფფ-ს და რფფ-ს ყველა რგოლთან უნდა შეთანხმდეს“.