არგენტინული პრესა - მესი 90 პროცენტით „ბარსელონაში“ დარჩება და კონტრაქტს ჩაამთავრებს
მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა არგენტინულ პრესაში. როგორც გამოცემა TyC Sports-ის ანალიტიკოსმა მარტინ არევალომ დაწერა, „ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი იძულებული იქნება 2020-21 წლების სეზონიც კატალონურ გუნდში გაატაროს.
„არსებობს ახალი სცენარი: სერიოზულია შანსები, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დარჩება კლუბში 2021 წლის ზაფხულამდე და კონტრაქტით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას შეასრულებს. ამ მომენტში ის ამაზე ფიქრობს. ხელმძღვანელობა მას დარჩენას თხოვს და ლეო მალე მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ვნახოთ, ეს რით დამთავრდება“, – წერს ჟურნალისტი.
არევალოს სიტყვებით, 33 წლის მესი თავის მომავალთან დაკავშირებით 3 სექტემბერს ჩამოყალიბდება. Football Espana მიიჩნევს, რომ მესი 90-პროცენტიანი ალბათობით დარჩება „ბარსელონაში“.
არგენტინელის კონტრაქტი კატალონურ კლუბთან 2021 წლის ივნისში იწურება და გაისად, ლეოს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება გუნდის დატოვება.