არგენტინის ნაკრებს ოლიმპიურ თამაშებზე გოლი მატჩის დასრულებიდან ერთი საათის შემდეგ გაუუქმეს #1TVSPORT
პარიზის ოლიმპიადაზე ფეხბურთის ტურნირი გახსნის ცერემონიამდე ორი დღით ადრე დაიწყო. ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში არგენტინის ნაკრები მაროკოს დაუპირისპირდა, მატჩის შედეგი კი მისი დასრულებიდან ერთი საათის შემდეგ ჩასწორდა.
ხავიერ მასკერანოს გაწვრთნილი არგენტინა 0:2 მარცხდებოდა. 68-ე წუთზე ჯულიანო სიმეონემ ჩამორჩენა შეამცირა. სამხრეთ ამერიკელები ამის შემდეგაც აქტიურად უტევდნენ და, საბოლოოდ, მსაჯის მიერ დამატებულ დროში, მე-16 წუთზე თავი კრისტიან მედინამ გამოიჩინა და ანგარიში გაათანაბრა.
გოლის შემდეგ სტადიონზე ქაოსი შეიქმნა, მოედანზე მაროკოელი გულშემატკივრები შეიჭრნენ, რის გამოც მსაჯმა მოთამაშეები გასახდელში გაიყვანა და შეხვედრა ვითარების დასტაბილურებამდე დროებით შეაჩერა.
მატჩი ყველამ დასრულებულად ჩათვალა, თუმცა ვიდეორეფერიმ აღმოაჩინა, რომ არგენტინელთა საგოლე შეტევისას ბრუნო ალმიონე თამაშგარე მდგომარეობაში იყო და გოლი მისი გატანიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ გააუქმა.
შეხვედრა ცარიელი ტრიბუნების წინ, მაროკოელთა სასარგებლოდ ანგარიშით 2:1-ით განახლდა და გუნდებმა სამი წუთი ითამაშეს. ამ დროში არგენტინამ ანგარიში ვეღარ გაათანაბრა და, საბოლოოდ, ოქმში მაროკოს გამარჯვება დაფიქსირდა – 2:1.
ამჟამად B ჯგუფს მაროკო სამი ქულით ლიდერობს, ამავე ჯგუფში ერაყისა და უკრაინის ნაკრებები ასპარეზობენ, რომელთა თამაშიც ახლა მიმდინარეობს.