„არეა ნაპოლი“ – კვარაცხელიას „ნაპოლის“ პრეზიდენტის ბოლო კომენტარი არ მოეწონა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიამ „ფიორენტინასთან“ გატანილი ეფექტური გოლით „ნაპოლი“ წაგებას გადაარჩინა და გუნდს ქულა მოუტანა. „არეა ნაპოლის“ ჟურნალისტმა გოლის შემდეგ ქართველი ფეხბურთელის რეაქციაზე გაამახვილა ყურადღება.
უცნაური ზეიმი გოლის შემდეგ – რა გახდა კვარაცხელიას გაბრაზების მიზეზი
„ხვიჩა კვარაცხელიამ „ფიორენტინასთან“ გატანილი შესანიშნავი გოლი განრისხებული სახით აღნიშნა. კულუარული ინფორმაციით, მისი გაბრაზების მიზეზი აურელიო დე ლაურენტისის ბოლო ინტერვიუა, სადაც „ნაპოლის“ პრეზიდენტმა ხვიჩასთან კონტრაქტის განახლებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ კვარა წავა, კლუბი ამ პრობლემას გაუმკლავდება“.
ამასთან დაკავშირებით ჟურნალისტმა მასიმო უგოლინმა Sky Sport-ზე ისაუბრა: „კვარაცხელია „ნაპოლიში“ ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. მას 8 მარტის შემდეგ გოლი აღარ გაუტანია და ეს ლამაზი გოლი გაბრაზებული სახით და გამომწვევი ჟესტით აღნიშნა, თითქოს ვიღაცას რაღაცას უმტკიცებდა.
გასაგებია, რომ დე ლაურენტისის სიტყვები ყურადღებას იმსახურებს. პრეზიდენტის თქმით, კვარაცხელიას საკითხი სატრანსფერო პერიოდში გადაწყდება. როდესაც საუბარი ქართველთან კონტრაქტის განახლებას ეხება, ამ დროს პრეზიდენტის ასეთმა მოულოდნელმა კომენტარმა აჟიოტაჟი კიდევ ერთხელ წარმოქმნა“, – განაცხადა იტალიელმა ჟურნალისტმა.