„არეა ნაპოლი“ - ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში დრიბლინგის „მეფეა“ #1TVSPORT
„კვარა სერია A-ში დრიბლინგის „მეფეა“ – აი, რამდენჯერ ცდილობს ის მოწინააღმდეგის ჩამოშორებას თამაშში“, – ამ სათაურით იტალიურმა გამოცემამ, „არეა ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელიას წლევანდელ მიღწევას გაუსვა ხაზი.
კვარაცხელიამ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი დრიბლინგი განახორციელა. ანალიტიკური საფეხბურთო პლატფორმის, Wyscout-ის სტატისტიკის მიხედვით, „ნაპოლის“ ქართველ თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ ცხრა შეხვედრაში 97 დრიბლინგი დაუგროვდა.
ხვიჩა თამაშის დროს საშუალოდ 11-ჯერ ცდილობს ბურთის წაღებას და შეტევის განვითარებას. მან სერია A-ს პირველი ტური კუნთის ტრავმის გამო გამოტოვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მიმდინარე სეზონში სამი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. გასული სეზონის შედეგებზე დაყრდნობით, France Football-ის გამოკითხვაში, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა შორის ხვიჩა კვარაცხელია მე-17 ადგილზე გავიდა.