არჩილ თალაკვაძე - საქართველოში ერთი ექიმი მაინც არ მოიძებნა, რომელსაც ნევროზის მკურნალობა შეუძლია? რად უნდა სააკაშვილს თავდებობა
არჩილ თალაკვაძე - საქართველოში ერთი ექიმი მაინც არ მოიძებნა, რომელსაც ნევროზის მკურნალობა შეუძლია? რად უნდა სააკაშვილს თავდებობა

მიხეილ სააკაშვილი დაბრუნებულია საქართველოში, პატიმრობაშია და დამატებით რაღა საჭიროა „ნაციონალური მოძრაობის“ თავდებობა, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, საზოგადოებისთვის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია.

„ამ თემის წამოწევა და გაცოცხლება განპირობებულია ერთადერთი მიზეზით, რომ, დიდი ალბათობით, მიხეილ სააკაშვილისგან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა, მათ შორის პარლამენტის წევრებმა, საყვედური და დავალებაც მიიღეს, რომ საკუთარ დღის წესრიგში მისი თემა დაბლა არ დაუშვან. ჩვენი საზოგადოება სწორედ იმის გამო არის გაღიზიანებული, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც ერთ-ერთ დიდ ოპოზიციურ პარტიას, სხვა თემა, სხვა წუხილი და სხვა პრობლემა არ გააჩნია, რაზეც პარლამენტში თუ პოლიტიკურ სივრცეში უნდა ისაუბრონ. მათი ერთადერთი დავალებაა, მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრონ. რად უნდა ამას თავდებობა, მიხეილ სააკაშვილი დაბრუნებულია საქართველოში, პატიმრობაშია და დამატებით რაღა საჭიროა „ნაციონალური მოძრაობის“ თავდებობა?

სამი დღის წინ, მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარეს საჯაროდ მივმართეთ, რომ თანხმობა გასცენ იმ სამედიცინო მონაცემების გასაჯაროებაზე, რომელიც კამათს და ამ სპეკულაციებს ამოწურავს, რაც მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით იმართება. ანალოგიური თხოვნით მიმართა პენიტენციურმა სამსახურმაც, რაზეც დღემდე პასუხი არ არის, რაც იმაში გვარწმუნებს, რომ ამ საკითხზე მხოლოდ სპეკულაციებია. ჩვენ პარლამენტში არავის დიაგნოსტიკას და მკურნალობას არ ვახდენთ, არავის გადაყვანაზე არ ვიღებთ გადაწყვეტილებას. მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო მომსახურება მიეწოდებოდა აქამდეც და მიეწოდება მომავალშიც. გვაინტერესებს, რამდენად თანამშრომლობს ექიმებთან, იღებს თუ არა მკურნალობას, რაც ენიშნება და ასევე რა მკურნალობა სჭირდება ისეთი, რაც საქართველოში არც ერთ დაწესებულებას არ შეუძლია? საქართველოში ერთი ექიმი მაინც არ მოიძებნა, რომელსაც ნევროზის მკურნალობა შეუძლია, თუ რა ხდება? ეს სპეკულაციები რისთვის არის დაგეგმილი?“ – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ და მიხეილ სააკაშვილს თავდებში უდგებიან, თუკი ხელისუფლება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას დათანხმდება, მკურნალობის შემდეგ დაბრუნდება საქართველოში და წარდგება სასამართლოს წინაშე.